მე-19 საუკუნე მნიშვნელოვანი ცვლილებების ხანა იყო სომხური წესის კათოლიკეთა თემისთვის – მისი უამრავი წევრი იძულებული გახდა გადასახლებულიყო კავკასიის სხვადასხვა მხარეს, რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, უკრაინაში და ა.შ.
1850 წელს შეიქმნა ართვინის სომხური ეპარქია, რომელიც ემსახურებოდა ჩრდილოეთ თურქეთში და კავკასიაში მცხოვრებ სომეხ მორწმუნეებს. რუსეთის იმპერიაში მცხოვრებ სომეხ კათოლიკეებზე კი ვრცელდებოდა ტირასპოლის (უკრაინა) საეკლესიო იურისდიქცია.
1909 წელს კავკასიის სომხური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორად დაინიშნა სარგის დერ-აბრაჰამიანი, რომელმაც მეტად ნაყოფიერი სამრევლო მოღვაწეობა გასწია.
საბჭოთა ეპოქაში მორწმუნენი დიდ შევიწროებას განიცდიდნენ, რაც საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები სომეხი კათოლიკეებისთვის რეპრესიებში გადაიზარდა. საბჭოთა რეჟიმის დამხობისთანავე, 1991 წლის 13 ივლისს წმიდა საყდარმა დააარსა ამჟამინდელი ორდინარიატი რეზიდენციით ქ. გიუმრიში (სომხეთი), სადაც მდებარეობს წმ. წამებულთა სახელობის საკათედრო ტაძარი.