XIII საუკუნეში კათოლიკეები ქალაქის იმ რაიონში დასახლდნენ, სადაც შენდებოდა ეკლესია, რომლის გვერდითაც 1240 წელს, დომინიკელთა ორდენის მონასტერი დაარსდა. 1328 წელს ქ. თბილისი საეპისკოპოსო საყდრად ამაღლდა, რომლის საკათედრო ტაძარიც გახლდათ წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია. აქ კათოლიკური ღვთისმსახურება შეჩერდა მე-16 საუკუნეში, თუმცა მე-17 საუკუნეში კათოლიკე მისიონერები დაბრუნდნენ საქართველოში და ააგეს ახალი ეკლესია ხარების სახელზე (ე.წ. „ლათინური ეკლესია კათოლიკეთა ქუჩაზე“). ერთი საუკუნის შემდეგ, მეფე თეიმურაზ II-მ კვლავ აკრძალა ტაძარში კათოლიკური მსახურება.
ამჟამინდელი საკათედრო ტაძარი დაპროექტებულ იქნა ფრა ფილიპო ფორანიანის მიერ და აშენდა წინა, ხარების ეკლესიის სათავსების მიმდებარედ (1805-1808). შენობის შემდგომი გალამაზება მოხდა 1884 წელს, მამა დიმიტრი თუმანიშვილის მიერ. 1998-1999 წლებში, ტაძარში ჩატარდა მნიშვნელოვანი სარესტავრაციო სამუშაოები, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ სამოციქულო ადმინისტრატორი ჯუზეპე პაზოტო და არქიტექტორი ა. სოლომნიშვილი. სამშენებლო და მხატვრული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეკლესია მიეძღვნა ნეტარი მარიამ ღვთისმშობლის ცად აღყვანებას. დღეს ლიტურგიულ დარბაზში შეხვდებით ბაროკოსა და ნეოგოთური არქიტექტურის ელემენტებს. სამღვდლო სივრცე კი მოხატულია თანამედროვე მხატვრის მიერ (1999-2000).
საკათედრო ტაძრის გარდა, თბილისში მდებარეობს წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის კათოლიკური ტაძარი.
კათოლიკობა საქართველოში ქრისტიანულ სამყაროში საქართველო იმ ქვეყნების რიგს მიეკუთვნება სადაც ქრისტიანული სწავლება პირველ საუკუნეში იქნა ნაქადაგები, მოციქულ ანდრია პირველწოდებულის მიერ. საქართველოში (იბერია და კოლხეთის სამეფოები) წმ. ანდრიასთან ერთად ქრისტეს სხვა მოციქულებსაც უქადაგიათ, ხოლო მოციქული სვიმონ კანანელი, დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთშია დაკრძალული. თუმცა ქართლის (იბერია) სამეფოში, ახალი რელიგიის გავრცელება რომის იმპერიის კვალდაკვალ IV საუკუნეში იწყება. IV საუკუნის მეორე ათწლეულში კაბადოკიელი წმ. ნინო რომელიც აღმოსავლეთ საქართველოსკენ (იბერია) გამოეშურა, რათა მაცხოვრის კვართისთვის მიეკვლია, რომელიც პირველ საუკუნეში მცხეთელი იუდეველების მიერ იერუსალიმიდან მცხეთაში იყო გადმოსვენებული. საქართველოსკენ მომალ გზაზე წმ. ნინოს ღვთისმშობელი გამოეცხადა და ,,ჯვარი ვაზისა“ გადასცა. წმინდა ნინოს ქადაგებების საფუძველზე ქართლის მეფე მირიანმა 326 წელს ქრისტიანობა მიიღო და ქართლის (აღმოსავლეთ საქართველო,) ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა. მეფე მირიანის თხოვნით იმპერატორმა კონსტანტინემ ქართლის სატახტო ქალაქ მცხეთაში ეპისკოპოსი და მღვდელმსახურები მოავლინა. მირიან მეფის მიერ მაშინდელ დედაქალაქ მცხეთაში, იმ ადგილზე სადაც გადმოცემის თანახმად მაცხოვრის კვართია დაკრძალული, იქნა აგებული სვეტიცხოვლის ტაძარი, რომლიც შემდგომ საქართველოს ეკლესიის დედა-ტაძრად და საპატრიარქო რეზიდენციად გადაიქცა, სწორედ ამ ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სახელმწიფოს პირველ პირებთან ერთად, მასპინძლობდა საქართველოში ვიზიტით მყოფ რომის პაპებს: იოანე-პავლე მეორეს (1999 წ.) და ფრანცისკეს ( 2016 წ.). ქრისტიანულმა კულტურამ სწრაფად გაიდგა ფესვი ქართლის სამეფოში, უკვე V საუკუნეში იქმნება ქართული ჰაგიოგრაფიული პირველი ორიგინალური ძეგლი ,,წმინდა შუშანიკის მარტვილობა“. V საუკუნეშივე, ქართლის მეფე ვახტანგის დროს მცხეთის ეპისკოპოსი კათოლიკოსის ხარისხში აიყვანეს, ამავე პერიოდში ანტიოქიის პატრიარქმა მცხეთის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. XI საუკუნიდან მცხეთის მღვდელმთავრები კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებენ. პირველი საუკუნეებიდანვე ქრისტიანობა სწრაფად ვრცელდებოდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ისტორიულ კოლხეთში. VI-VIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი 3 საეკლესიო ოლქი, IX საუკუნეში დასავლეთი საქართველოს ეკლესია კონსტანტინოპოლის ეკლესიას საბოლოოდ გამოეყო და აქაც საკათალიკოსო მმართველობა იქნა შემოღებული. ქართული სამეფო-სამთავროების საეკლესიო იერარქიის წარმომადგენლები თავიდანვე მჭიდროდ იყვნენ ჩაბმულნი ქრისტიანული სამყაროს საეკლესიო ცხოვრებაში. ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელიც 325 წელს გაიმართა 2 დელეგატად მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოს ქალაქ პიტიუნტის (ბიჭვინთის) ეპისკოპოსი სტრატოფილე. 1054 წლის დიდი სქიზმის მიუხედავად საქართველოს ეკლესია თვლიდა რომ კონსტანტინეპოლსა და რომს შორის განხეთქილება პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული და აგრძელებდა ურთიერთობას წმინდა საყდართან, თუმცა ამავე პერიოდში, თურქ-სელჩუკების შემოსევების და ქართული სამეფოს დასუსტების ფონზე ეს ურთიერთობები თანდათანობით სუსტდებოდა. ევროპის ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყებამ და თურქ-სელჩუკების დამარცხებამ, 1099 წელს იერუსალიმის აღებამ და ახლო აღმოსავლეთში ჯვაროსნების მიერ პოლიტიკური ერთეულების შექმნამ, შეცვალა ძალთა ბალანსი ახლო აღმოსავლეთში. სელჩუკების ყურადღების გადატანამ დასავლეთის საფრთხეებზე, საშუალება მისცა დავით IV აღმაშენებელს (1089-1125) დაეწყო ბრძოლა თურქთა საქართველოდან გასანდევნად. ამ ხანგძლივ ბრძოლაში დავით აღმაშენებელს მორალური და სამხედრო მხარდაჭერა ჰქონდა ევროპელი ჯვაროსნებისაგან. მაგ. დიდგორის ბრძოლის დროს (1121 წ.) დავითის ლაშქარში 200 ფრანგი მეომარი იბრძოდა. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა (1204 წ.) და კონსტანტინოპოლში ლათინთა იმპერიის დაარსება (1204-1261) თავის სასარგებლოდ გამოიყენა საქართველოს სამეფომ. თამარ მეფემ (1184-1213) თავის გავლენას დაუქვემდებარა ტრაპიზონის პროვინცია (1204წ.), რომელიც მანამდე ბიზანტიის იმპერიის ნაწილს შეადგენდა და იქ საქართველოს ვასალური სახელმწიფო ტრაპიზონის იმპერიის შექმნას შეუწყო ხელი. XIII საუკუნის დასაწყისში ახლო აღმოსავლეთში რთული ვითარება იქმნება, იქ წარმოქმნილ ჯვაროსნულ სახელმწიფოებს უჭირდათ მუსლიმური სამხედრო კოალიციის განუწყვეტელი შემოტევების მოგერიება. თავიანთი სამფლობელოების შენარჩუნებისათვის ჯვაროსნებს საქართველოს მხარდაჭერა ესაჭიროებოდათ. 1221 წელს რომის პაპი ჰონორიუს III, წერილით მიმართავს და მოუწოდებს საქართველოს მეფეს გიორგი IV ლაშა-ს (1213-1223) ,,წმინდა მიწის“ დასაცავად. შემდგომ წლებში რომის პაპები მეფე რუსუდანსაც (1223-1245) მიმართავენ დახმარებისათვის. XIII საუკუნის 20-იან წლებში ხვარაზმელთა, შემდგომ კი მონღოლთა შემოსევებმა ქართველებს ხელი შეუშალა მოეწყოთ ლაშქრობა ჯვაროსანთა დასახმარებლად. პირიქით უკვე საქართველოსათვის შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებით საქართველოს მეფე რუსუდანი თავად მიმართავს თხოვნებით რომის პაპს ჰონორიუს III-ს, შემდგომ კი გრიგოლ IX-ს აღმოუჩინონ დახმარება. საქართველოს მეფის თხოვნა რომს უპასუხოდ არ დაუტოვებია და სპეციალური მისიაც მოავლინა, 1240 წლიდან დომინიკელთა ორდენის ბერებმა თბილისში წმ. მარტინის სახელობის მონასტერი დააარსეს. ფაქტიურად წმინდა მარტინის 3 მონასტრის დაარსებით საქართველოში იწყება ლათინური წესის კათოლიკური ეკლესიის არსებობის ისტორიის ახალი ეტაპი. XIV საუკუნეშიც, ზუსტად მსგავსი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მეფე გიორგი V-მ (1318-1356) შესძლო დაერწმუნებინა რომის პაპი იოანე XXII, რომ ქ. სმირნიდან (იზმირი) თბილისში გადმოეტანა კათოლიკური საარქიეპისკოპოსო კათედრა, რომელმაც შემდგომ თბილისში თითქმის 150 წელი იარსება. კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა დასავლეთ საქართველოში ქ. ცხუმში (სოხუმი). XIII-XV საუკუნეებში თბილისში, ასევე ცხუმში არსებული ლათინური წესის კათედრები და მონასტრები, წმინდა საყდრის დიპლომატიური მისიების ფუნქციასაც ასრულებდნენ და ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდნენ საქართველოსა და დასავლეთ ევროპას შორის. XV საუკუნის მეორე ნახევრიდან ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის და ტრაპიზონის იმპერიების დაპყრობის შემდგომ. კომუნიკაციის სირთულის გამო კავშირები წმინდა საყდართან მინიმუმამდე დადის, თუმცა საქართველოს მეფეთა ძალისხმევით XVII საუკუნის პირველი ნახევრიდან ეს ურთიერთობა ახალ ფაზაში გადასდის. 1614 წლიდან კახეთის დედოფალი ქეთევანი ირანში მძევლად იმყოფება. 1620 წლიდან ქეთევანს ქრისტიანობის არდათმობისა გამო, ირანის შაჰის ბრძანებით შირაზში ატყვევებენ. იქ მის ერთად–ერთ ქრისტიანულ გარემოცვას შირაზის მისიის ავგუსტინელი ბერები წარმოადგენენ, რომლებიც სულიერად ამხნევებდნენ დედოფალს. 1624 წელს ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსრულების შემდგომ ავგუსტინელმა ბერებმა შესძლეს მოწამე დედოფლის ნეშტის ფარულად გოაში (ინდოეთი) გადასვენება. 1628 წელს ავგუსტინელმა მამა ამბროზიო დუშ ანჟუშმა ქართლის მეფე თეიმურაზ I-ს (1589-1663) ჩამოუტანა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები. მადლიერების ნიშნად თეიმურაზ I-მა ავგუსტინელ ბერებს გორში მიწის ნაკვეთი უბოძა და უფლება მისცა მისცა დაეარსებინათ თავიანთი მონასტერი. საქართველოში კათოლიკური მისიების ამოქმედებაში უმთავრესი როლი ითამაშა რომის პაპის გრიგოლ XV-ის დეკრეტით 1622 წელს დაარსებულმა რწმენის პროპაგანდის წმინდა კონგრეგაციამ, 1626-1629 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს მეფის თეიმურაზ I-ის დავალებით რომში პაპ ურბან VIII-ის კარზე ელჩად გაგზავნილ იქნა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი. წმინდა საყდრისა მხარდაჭერით მან სტეფანე პაოლინისთან ერთად 1629 წელს მონაწილეობა მიიღო პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნების გამოცემაში. ნიკოლოზ ჩოლოყაშვილთან ერთად საქართველოში ჩამოვიდნენ და გორში თავიანთი მისია დააფუძნეს თეატინელთა ორდენის ბერებმა. შემდგომ თეატინელთა მისიები აღმოცენდა სამეგრელოსა და გურიის სამთავროებშიც. თეატინელმა მამებმა დიდი როლი ითამაშეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მისიონერულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ეწეოდნენ დიპლომატიურ მისიასაც. თეატინელი მამების დონ ქრისტოფორო კასტელის და არქანჯელო ლამბერტის მიერ საქართველოზე შექმნილი წიგნები ფასდაუდებელ ისტორიოგრაფიულ დოკუმენტებს წარმოადგენენ საქართველოს ისტორიისათვის. სწორედ XVII საუკუნიდან ჩნდებიან ქართულ სამეფო-სამთავროებში ლათინური წესის მიმდევართა შედარებით მრავალრიცხოვანი ჯგუფები და კათოლიკე მორწმუნეთა ქართული თემიც სერიოზულ კულტურულ და სავაჭრო-საფინანსო როლს თამაშობს ქვეყნის ცხოვრებაში. 1669 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში თბილისსა და გორში კაპუცინ მამათა მისიები დაფუძნდა, რომელთაც 1845 წლამდე მეტად ნაყოფიერად იფუნქციონირეს. XVIII საუკუნის პირველ ათწლეულში ქართველის მეფის ვახტანგ VI საერთაშორისო მხარდაჭერის მიზნით საგანგებო ელჩად მიავლინა პაპ კლიმენტი XI-სა და ლუი XIV-სთან – აღმოსავლური წესის კათოლიკე სასულიერო პირი, მეცნიერი და მწერალი სულხან-საბა ორბელიანი. სულხან-საბა ფაქტიურად საქართველოს პირველ ოფიციალურ ელჩს წარმოადგენს წმინდა საყდარში. XVIII ქართლის მეფის ერეკლე II-ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკეებთან, კაპუცინ მამები მეფის კარზე მკურნალი ზოგჯერ კი საგანგებო დავალებათა დესპანის მოვალეობას ასრულებდნენ. კათოლიკე დიდვაჭარი ნეგოციანტი რაფიელ დანიბეგაშვილი დიპლომატიურ მისიას ასრულებდა აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. დასავლეთ საქართველოს უკანასკნელი მეფე სოლომონ II დიდად აფასებდა ქუთაისში კაპუცინთა მისიის მამებს, რომლებიც როგორც მკურნალები მზრუნველობას არ აკლებდნენ ქუთაისის მოსახლეობას.. თავისი პატივისცემის ნიშნად მეფემ საგანგებო სიგელით ქუთაისის ცენტრში ვრცელი მიწის ნაკვეთი მარადიულ სარგებლობაში გადასცა კათოლიკე თემს, სადაც შემდგომ ხარების სახელზე დიდი ტაძარი აიგო. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიამ დაიპყრო საქართველო, რუსული ცარიზმი მუდმივად ცდილობდა შეეზღუდა კათოლიკე ეკლესია საქართველოში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ქართველი ხალხის ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია ასრულებდა. 1845 წელს რუსეთის ხელისუფლებამ აიძულა კაპუცინი მამები დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია. სამშობლოდან განდევნილი ქართველი კათოლიკე მამები იძულებულნი იყვნენ ოსმალეთის იმპერიაში, სტამბოლში 1861 წელს დაეფუძნებინათ ქართულ კათოლიკური სავანე, მონასტრით, სემინარიით, 1870 წლიდან აქვე ამოქმედდა სტამბა, რომელმაც 60 წელი იარსება და იქ 200-მდე წიგნი გამოიცა ქართულ, ფრანგულ, თურქულ გერმანულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე. მონასტერში იყო ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი. ამ ბიბლიოთეკის ფონდებში 80 ათასზე მეტი წიგნი და ისტორიული დოკუმენტია დაცული. სტამბულის კათოლიკურ სავანეში ათწლეულების მანძილზე სასულიერო განათლებას იღებდნენ ქართველი კათოლიკეები, აქ იბეჭდებოდა ქართულ ენოვანი საეკლესიო ლიტერატურა რომელიც შემდგომ იგზავნებოდა საქართველოში. სტამბოლის კათოლიკურ სავანეში 5 ჩამოყალიბდა სულიერებისა და კულტურის ცენტრი, რომლის ირგვლივაც თავს იყრიდნენ როგორც კათოლიკეები, ასევე მართლმადიდებელი და მუსლიმი ქართველები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ სავანის მთავარი ტაძრის საკურთხეველიც, რომელსაც საქართველოს მთავარი ტაძრის სვეტიცხოვლისა და რომის წმ. პეტრეს კათოლიკური ბაზილიკის გამოსახულებები ამშვენებს, სიმბოლურად აღმოსავლური და დასავლური ეკლესიების ერთიანობას წარმოგვიჩენს. დღეისთვის სტამბულის ქართულ კათოლიკურ სავანეში საკვირაო წირვები ფრანგულ, ქართულ და თურქულ ენებზე აღევლინება. სტამბოლში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა ბავშვებისათვის, გახსნილია მოზარდთა საგანმანათლებლო ცენტრი. გარკვეულ დღეებში საღვთო მსახურებისათვის, ტაძარს უსასყიდლოდ უთმობენ სტამბოლში მცხოვრებ სხვადასხვა დენომინაციების წარმომადგენელ ქართველ პროტესტანტებსაც. საქართველოს ლათინური წესის კათოლიკე ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრაციის ეგიდით, სტამბოლის ქართულ სავანეში, საქართველოდან ჩასული მეცნიერების მონაწილეობით, ყოველწლიურად ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, ამ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობას იღებენ თურქეთის რესპუბლიკის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ეთნიკურად ქართველი მუსლიმებიც. დღეისათვის სტამბოლში დაუზუსტებელი მონაცემებით 100-300 ქართველი კათოლიკე ცხოვრობს. 1918 წლის მაისში საქართველო დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის 3 წლის განმავლობაში, კათოლიკური აღმსარებლობის მიმდევრები, აქტიურად იყვნენ ჩაბმულები დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის პროცესში, მსახურობდნენ შეიარაღებულ ძალებში, აქტიურად იყვნენ ჩართულები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში. 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა, საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და შემდგომ წელს კი მისი ანექსია განახორციელა. საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთ პირველ სამიზნედ საქართველოს ადგილობრივი კათოლიკე ეკლესია იქცა. მიუხედავად მკაცრი რეპრესიებისა კათოლიკე სამღვდელოება ოკუპაციასა და რეპრესიებს არ ეპუებოდა, ცდილობდა მრევლისა გადარჩენას და არ თანამშრომლობდა სახელმწიფო სტრუქტურებთან. ამის გამო კათოლიკური ეკლესიის ყველა სასულიერო პირი, 30-იან წლების რეპრესიებს ემსხვერპლა, გარდა ორი მღვდლისა (ემანუელ ვარდიძე და კონსტანტინე საფარიშვილი). მათ უბრალოდ, “გაუმართლათ”; ისინი უკვე ,,სოლოვკის“ მკაცრი რეჟიმის ბანაკში იყვნენ გადასახლებულნი. თუმცა მღვდელმსახურებას არც ჩრდილოეთის შრომით-გამოსასწორებელ ბანაკში ანებებდნენ თავს. პატრ კონსტანტინეს მოგონებიდან ირკვევა, რომ პატიმართა ბარაკების სიახლოვეს, ხის ფუღუროში დამალული ქონდათ ჯამი და თეფში, სამუშაოდ გასვლამდე ერთი საათით ადრე კათოლიკე პატიმრები იპარებოდნენ და 6 ფარულად ატარებდნენ წმინდა წირვას. როცა ბანაკი მოწყობაზე დგებოდა, ისინი უკვე ზიარებამიღებულები – პირველები იდგნენ მწყობრში. 1937 წლიდან 1990 წლამდე, მთელ კავკასიაში, თბილისის წმ. პეტრე და წმ. პავლე მოციქულთა ტაძარი ერთადერთ მოქმედ ლათინური წესის კათოლიკურ ტაძრად რჩებოდა. შედარებითი გამოცოცხლება 1975 წლიდან შეიმჩნევა – მას შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შემაჯამებელ აქტს, ე.წ. ჰელსინკის დეკლარაციას ხელი მოაწერა. ჰელსინკის აქტის ხელმოწერის შემდგომ იწყება ადამიანის უფლებების, მათ შორის სინდისის, თავისუფლების დაცვისათვის სამართლებრივი ბრძოლა. ამ პერიოდიდან, თბილისის კათოლიკურ ტაძარში კვირის რიგითი ლოცვები მრევლის ეროვნული ენების მიხედვით ტარდებოდა – გერმანულ, პოლონურ, ასირიულ, სომხურ, ქართულ ენებზე. ხოლო საკვირაო წირვა რუსულ და ლათინურ ენაზე. იანვრის თვეში ქრისტიანთა ერთობის ლოცვის კვირეულის ჩატარების ტრადიციაც დამკვიდრდა. 1978 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა არა მარტო კათოლიკური ეკლესიის წინსვლისათვის, არამედ საბჭოთა კავშირისათვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც. კრაკოვის არქიეპისკოპოსი, კარდინალი კაროლ ვოიტილა რომის პაპი ხდება. იოანე-პავლე II-ის პირველი გზავნილი, რკინის ფარდის აღმოსავლეთით მყოფი მრავალი მილიონი კათოლიკესადმი იქნება მისი ისტორიული ფრაზა – ,,ნუ გეშინიათ!” პაპის ამ მოწოდებამ არნახული ძალა შთაბერა კომუნისტური რეჟიმების წნეხის ქვეშ მყოფ კათოლიკეებს, მათ შორის საქართველოს მცირერიცხოვან მრევლს. 1980-იანი წლებიდან სამხრეთ საქართველოში, კათოლიკე მორწმუნეთა აქტივობა თვალსაჩინო გახდა, ყველა არსებული კათოლიკური სატაძრო ნაგებობა დასუფთავებული და მოვლილი იყო. კოლმეურნეობის საწყობების კვალიც აღარ ჩანდა. მორწმუნეებმა მათი ნელ-ნელა გარემონტება დაიწყეს. მორწმუნეები იკრიბებოდნენ დახურულ სატაძრო ნაგებობებში, ლოცულობდნენ და საეკლესიო დღესასწაულებსაც აქ აღნიშნავდნენ. გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან ნელ–ნელა გამოცოცხლებას იწყებს ურთიერთობა წმინდა საყდართან, 1980 წლის 5-6 ივნისს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ვატიკანში ეწვია პაპ იოანე–პავლე II–ს, ამ ვიზიტმა ხელი შეუწყო საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ეკლესიათშორისი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. 1980-იანი წლების ბოლოს კათოლიკე მორწმუნეთა გააქტიურება პიკს აღწევს, 1987 წლიდან ნელა, მაგრამ მაინც დაიწყო ჩამორთმეული ტაძრების დაბრუნების პროცესი ამოქმედდა სოფელ ტურცხის (1989), არლის (1989), ხიზაბავრის დაბა ვალეს 1989 კათოლიკური ტაძარები. 7 დამოუკიდებლობის გზაზე მყოფი საქართველოს საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის 1989 წლის ივნისში, ცნობილი მხატვრის – ზურაბ წერეთლის ინიციატივით, მოსკოვში ვიზიტად მყოფი დედა ტერეზა – თბილისს ესტუმრა. ნობელის პრემიის ლაურეატის და თავისი უანგარო ქველმოქმედებით მსოფლიოში სახელგანთქმული მონაზვნის სტუმრობა ქართული საზოგადოების ეროვნული სულისკვეთების აღიარება და სოლიდარობის ჟესტი იყო. თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, დედა ტერეზა დაესწრო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღვლენილ ღვთისმსახურებას. უწმინდესმა ილია II-მ დედა ტერეზა ორდენით დააჯილდოვა.. თბილისში ვიზიტისას დედა ტერეზამ თავისი საქველმოქმედო ორდენის მისია დააფუძნა. დედა ტერეზას ორდენის მონაზვნებს, სხვადასხვა დროს, სტუმრობდნენ თბილისში ვიზიტად მყოფი წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი კარდინალი აგოსტინო კაზაროლი, პაპის აღმოსავლეთის ეკლესიების კონგრეგაციის პრეფექტი კარდინალი აკილე სილვესტრინი . 1999 წლის 8 ნოემბერს ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბან ავლაბარში, მოწყალების სახლის გახსნას თავად რომის პაპი -იოანე-პავლე II დაესწრო. სიმბოლური გახლდათ რომის პაპის ჟესტიც, რომელმაც თბილისში ვიზიტის დროს, სწორედ დედა ტერეზას ორდენის მოწყალების სახლში გაათია ღამე. საქართველოში კათოლიკეთა თემი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში. საქართველოში ხომ მრეწველთა უდიდესი ნაწილი, ისტორიულად სწორედ კათოლიკური თემის წევრი გახლდათ და მათ საუკუნეების მანძილზე ფართო ეკონომიკური კავშირები გააჩნდათ ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნების მრეწველებთან. კათოლიკე მრეწველებს – რაფიელ დანიბეგაშვილს და ზუბალაშვილების დინასტიის წარმომადგენლებს არაერთი გამოკვლევა და წიგნი მიეძღვნა. ქართველი კათოლიკეები გამორჩეულნი იყვნენ მეცნიერების, განათლებისა და ხელოვნების სფეროშიც. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდშიც და გასაბჭოების შემდგომ, საბჭოთა საქართველოს ისტორიაშიც, კათოლიკეებმა თავისი გამორჩეული როლი ითამაშეს. კათოლიკეები იყვნენ: პეტრე მელიქიშვილი – თბილისის პირველი უნივერსიტეტის რექტორი, იოსებ ოცხელი – ქუთაისის ქართული გიმნაზიისა და ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის დამაარსებელი, ქართული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის მუსიკის ავტორი ზაქარია ფალიაშვილი, პეტრე ოცხელი – ქართული სცენოგრაფიული სკოლის დამაარსებელი, მხატვარი რომელმაც ათწლეულებით გაასწრო თავის ეპოქას, კათოლიკე იყო პროფესორი სიმონ ყაუხჩიშილი – საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელი, კათოლიკე გახლდათ ცნობილი ქიმიკოსი ვიქტორ კოკოჩაშვილი. კათოლიკური 8 მრევლის აქტიური წევრი ცნობილი ინჟინერი, საქართველოს პირველი შრომის გმირი – გიორგი თუმანიშვილი. ქართველი კათოლიკეები წარმატებით მოღვაწეობდნენ უცხოეთშიც და თავიანთი საქმიანობით სახელი გაუთქვეს საქართველოს. ქართული ისტორიის განვითარებაში და ევროპისადმი საქართველოს გაცნობაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ევროპაში მოღვაწე მეცნიერ–მკვლევარებს – მამა მიხეილ თამარაშვილს და მამა მიხეილ თარხნიშვილს, მათი სამეცნიერო დამსახურებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ვატიკანის არქივში დაცული ქართული დოკუმენტების კვლევა და გამოცემა, ძველი ქართული ლიტურგიული ტექსტების დამუშავება და გამოცემა, იტალიის წიგნთსაცავებში დაცული ქართული წყაროების აღმოჩენა და გამოქვეყნება, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების თარგმნა და გამოქვეყნება. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დასავლეთ გერმანიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწეოდა ნიკოლოზ ჯანელიძე. საქართველო– გერმანიის მეგობრობაში შეტანილი წვლილისათვის 1983 წელს ნიკოლოზ ჯანელიძე, პირველი ქართველთა შორის, ალბერტ შვეიცერის სახელობის მშვიდობის მედლის ლაურეატი გახდა. დიდი აღიარება მოიპოვა ევროპაში მოღვაწე მხატვარმა ვარლამ (ფელიქს ვარლამიშვილმა). 1991 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იმავე წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ეს დამოუკიდებლობა რეალური გახდა. 1992 წელს ვატიკანი იყო რიგით მერვე სახელმწიფო რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და აღიარებიდან სულ მალე დააფუძნა თბილისში თავისი სადესპანო, რომელიც იურისდიქციით მთელ სამხრეთ კავკასიას მოიცავს. 1999 წლის 8 ნოემბერს, პაპი იოანე-პავლე II, თბილისს ესტუმრა, ეს იყო საქართველოს რესპუბლიკის დიდი საერთაშორისო აღიარება, რომ რომის პაპი და სახელმწიფო ვატიკანის სუვერენი ეწვია სამოქალაქო ომით განადგურებულ, მწვავე სოციალურ პრობლემებში გახვეულ ახალგაზრდა რესპუბლიკას, რომელიც მიუხედავათ რუსეთის წინააღმდეგობისა ევროინტეგრაციულ სტრუქტურებში გაწევრიანებას ცდილობდა და რომელიც სრულიადაც არ იყო განებივრებული მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტით. ასევე პაპის ვიზიტი იყო ადგილობრივი კათოლიკეებისათვის უდიდესი საჩუქარი სამშობლოში ემასპინძლათ სახელოვანი პაპისათვის, მოეღოთ მონაწილეობა წმინდა წირვაში, მოესმინათ პაპის მისი ქადაგება. პაპის ვიზიტმა მაღალ დონეზე ჩაიარა, ყველა შეხვედრა ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. მიუხედავად საპატრიარქოს განცხადებისა რომ მართლმადიდებელ მრევლს არ უნდა მიერო მონაწილეობა წმინდა წირვაში, თბილისის სპორტის სასახლე სადაც საზეიმო წირვა ჩატარდა სავსე იყო ადამიანებით და ქართული ტელეარხებით გამოსული საზოგადოების ცნობილი ადამიანები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ პაპის პიროვნებით და კათოლიკური მსახურების მაღალ 9 ესთეტიური სილამაზით. სვეტიცხოველში საპატრიარქო ტაძარში პაპმა და პატრიარქმა მსოფლიოს რელიგიური ლიდერებისადმი სამშვიდობო მიმართვასაც მოაწერეს ხელი. 8 ნოემბერს ღამით პაპი წმ. პეტრე და წმ. პავლე მოციქულთა ტაძარს, სტუმრობდა. ეს იყო პაპის მხრიდან მადლიერების გამოხატვის ჟესტი თბილისის მრავალეროვანი კათოლიკე მრევლისადმი, რომელმაც უმკაცრესი რეპრესიების დროსაც კი დაიცვა და გადაარჩინა თავიანთი ტაძარი, ერთად-ერთი მთელს კავკასიაში, სადაც საბჭოთა რეპრესიების დროს კი, არასდროს შეწყვეტილა ღვთისმსახურება. დამატებითი ინფორმაციები 2008 წლის აგვიტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისთანავე, რომის პაპი ბენედიქტე XVI მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთის აგრესიას და მოუწოდებდა მათ მთავრობას შეეწყვიტა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. აგვისტოს თვეში პაპმა სამი მიმართვა გააკეთა საქართველოში მშვიდობის დასაცავად და ლტოლვილთა დასაბრუნებლად. მარტო აგვისტოს თვეში, მხოლოდ იტალიის ეპისკოპოსებმა მილიონი ევროს შემოწირულობა გამოგზავნეს გორის რეგიონში ლტოლვილთა დასახმარებლად. ჰუმანიტარულმა დახმარებებმა შემდგომ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. პაპ ბენედიქტეს დამსახურებად უნდა ჩაითვალოს, რომ 2010 წლიდან, ლათინური ამერიკის სახელმწიფოებმა, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების არაღიარების პოლიტიკას დაუჭირეს მხარი. საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერისა და სოლიდარობის აქტად უნდა ჩაითვალოს 1999 წლის ნოემბერში წმინდა პაპის იოანე-პავლე II-ის და 2016 სექტემბერში პაპ ფრანცისკეს ოფიციალური ვიზიტები საქართველოში. ეს ვიზიტები ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ორივე პაპისთვის ეს იყო პირველი სტუმრობა პოსტსაბჭოთა სივრცეში და ხელს უწყობდა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას.