- 14 ივლისი 2022
- admin
- 0 Comments
- Senza categoria
მისი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობის, კარდინალ კოხის მისალმება
ქალბატონო პრეზიდენტო,
თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობანო,
ბატონო ელჩებო,
პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,
ძვირფასო მეგობრებო,
მოხარული ვარ გადმოგცეთ ჩემი გულთბილი სალამი ამ სათაყვანო სიქსტეს კაპელაში, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდისა (ხელმძღვანელი მაესტრო სვიმონ ჯანგულაშვილი) და „სიქსტეს“ საპაპო სამუსიკო კაპელის გუნდის (ხელმძღვანელი მაესტრო მონს. მარკოს პავანი) კონცერტთან დაკავშირებით.
მადლობას ვუძღვნით მის უწმიდესობა ილია II-ს, რომელმაც საკუთარი ლოცვა-კურთხევით წარმოგზავნა საპატრიარქოს მგალობელნი, რომლებიც იმღერებენ არა მხოლოდ ამ საღამოს, არამედ წმ. პეტრესა და პავლეს ხსენების დღესაც, წირვის დასასრულს.
გუნდი შეასრულებს პატრიარქის ნაწარმოებებსაც, რაც საშუალება მოგვცემს დავაფასოთ მისი უწმიდესობის შემოქმედებითი ნიჭი.
ვუძღვნი მას ჩემს ძმურსა და გულითად სალამს და გამოვთქვამ იმედს, რომ ეკლესიებსა და ხალხებს შორის მეგობრობისა და თანხმობის ეს საჩუქარი კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ერთმანეთთან და განამტკიცებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს.
გულითადად მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, წარმომადგენელს იმ ერისა, რომლის ცხოვრებაშიც ქალები მუდამ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ, დაწყებული წმინდა ნინოდან, რომელმაც ჯერ კიდევ კონსტანტინე დიდისა და მირიან მეფის ეპოქაში სათავე დაუდო ქართველთა რწმენასა და ნათლობას, და გაგრძელებული წმინდა შუშანიკითა, წმინდა ქეთევან დედოფლითა და უამრავი წმინდანი ქალით. მათ თავიანთი ცხოვრებით განამტკიცეს ღმერთის სიტყვის სახარებისეული რწმენა, რომლითაც იმთავითვე განიმსჭვალა ქართული დაწერილი სიტყვა.
მივესალმები პრეზიდენტის სახელმწიფო დელეგაციას და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელთ, პატივცემულ ელჩებს, გამორჩეულ ხელისუფალთ, ყველა თქვენგანს, ძვირფასო მეგობრებო, ძმანო და დანო, განსაკუთრებით კი რომსა და იტალიაში არსებულ ქართულ საკრებულოებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამ საზეიმო მოვლენაში.
დღეს მოვისმენთ კონცერტს, რომელიც შედგება ქართული ხალხური სიმღერების, წმინდა ლიტურგიულ და პოეტურ ტექსტებზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებებისგან. ისინი შეგვაგრძნობინებენ მელოდიურ სამყაროს უნიკალური ცივილიზაციისა, მდებარეს არაბულ-სპარსულ-სირიულ და ევროპის ბერძნულ-რომაულ კულტურათა შორის, რომელმაც თავის თავში შეისისხლხორცა ამ თითქოსდა განსხვავებული საზოგადოებების ელემენტები. სწორედ ამ განსხვავებულ კულტურებთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებითა და მათთან ურთიერთობებში საკუთარი უნიკალურობის შექმნით ჩამოაყალიბდა უძველესი ქართული კულტურა. ამის დასტურია უმდიდრესი თარგმნილი ლიტერატურა, რომელიც თქვენი რელიგიური ლიტერატურის ნაწილია, ლიტერატურისა, რომელიც მთელი საქრისტიანოს ჭეშმარიტი საგანძურია. სწორედ თქვენმა ლიტერატურამ შემოგვინახა ეს ტექსტები, რომლებიც სხვაგვარად, უბრალოდ, დაიკარგებოდა. ნურც საქართველოს და იერუსალიმის ეკლესიებს შორის მჭიდრო ურთიერთობებს დავივიწყებთ, რომელთა შესახებაც „წმინდა ნინოს ცხოვრება“ მოგვითხრობს. ასევე აღსანიშნავია სამოციქულო ტრადიციების ჩამოყალიბება თქვენს მიწაზე, ანდრია და სიმონ მოციქულების ქადაგებები, ისევე როგორც ხერსონესის ქვის სამტეხლოებში გადასახლებული წმინდა კლიმენტი რომაელისა.
სწორედ ესაა ეკლესიის სიმდიდრე, ხატება ღვთიური სამებისა: არა მხოლოდ საკუთარ მე-ზე, არამედ ერთობაზე დამყარებული იდენტობა. Es, ergo sum – შე ხარ, ესი იგი, მე ვარ. ამასთან დაკავშირებით, თქვენს ლიტერატურაში არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ჯვარცმისას გოლგოთაზე მყოფმა ქართველებმა იერუსალიმიდან საქართველოში ჩაიტანეს უფლის უკერველი კვართი, ნიშანი თქვენი ეკლესიის განუყოფლობისა.
მართლაცდა, ეკლესია ხომ თავისთავად მშვენიერების ადგილია, რადგან იგი ქრისტეში ადამიანების ძმურ ერთობას გულისხმობს. ეს ერთიანობის გამოცდილებაა, სადაც ისტორია, ნივთიერი მსოფლიო თუ ადამიანის ქმედებანი ერთობის ადგილად მოიაზრება.
მუსიკაც ასეა – სხვადასხვა ნოტები, სხვადასხვა ადამიანები იქცევიან ჰარმონიად, რომელიც განასახიერებს ერთიანობის სილამაზეს და, ამავე დროს, პიროვნულ თვისებებსაც წარმოაჩენს.
ომის საშინელებით გატანჯულ საზოგადოებაში ისევ ეკლესიამ უნდა დაამოწმოს, რომ ღმერთი ქრისტეს ცხოვრებას გვაზიარებს, რომელშიც, ღვთიური სამების მსგავსად, ჩვენს თავს სიყვარულით ვუძღვნით სხვებს ნიშნად ერთობისა. დაე მუსიკის მშვენიერებამ და მისმა გზავნილმა ლხენით აღავსოს ჩვენი გულები.