- 21 ივნისი 2023
- admin
- 0 Comments
- Senza categoria
ქართული მრავალხმიანობა და სიქსტეს კაპელა: ორი საუნჯის შეხვედრა
არქიეპისკოპოსი ჟოზე ა. ბეტანკური, წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში
ერთი წლის წინ, 2022 წლის 26 ივნისს, თბილისის ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის ორმოცმა წევრმა ვატიკანის სიქსტეს სამლოცველოში სასიმღეროდ შეაბიჯა. იმ დღეს ერთმანეთს შეხვდა კაცობრიობის მემკვიდრეობის ორი საუნჯე, მიკელანჯელოს ფრესკები – „ადამის შექმნა“ და „განკითხვის დღე“ – და ქართული მრავალხმიანობა.
ბიბლიური ამბების ამსახველ ფრესკათა სისხლსავსე ფერებმა და მხატვრობამ მოიცვა ქართველი სტუმრები, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ვატიკანის ოფიციალური პირნი, დესპანნი, და ყოველნი დამსწრენი. სივრცე აღივსო ამაღლებული და მდიდარი ქართული ჰარმონიებით. იმ საღამოს ერთად იდგნენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო, იანო ალიბეგაშვილი და ორი გუნდი, მართლმადიდებლური და ლათინური, რათა მთელი მსოფლიოს გასაგონად აჟღერებულიყო მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის დიდებული „ავე მარია“.
ეს გამორჩეული მოვლენა დიდი სიამაყითა და გრძნობით აიტაცა მთელმა საქართველომ და მისმა დიასპორამ. იგი არაერთხელ გადაიცა ტელევიზიით და გავრცელდა ინტერნეტით, მისი ამსახველი უამრავი ფოტოსურათი აიტვირთა და გაზიარდა სოციალურ ქსელებში. ეს არ იყო კონცერტი. ეს იყო მართლაც მოვლენა – საქართველო მთელი თავისი სიდიადით. გაოგნებული მსმენელი სულგანაბული უსმენდა…
სიქსტეს კაპელა მარადიული ისტორიის სარკე და იმავდროულად, ჩვენი დღევანდელობის ანარეკლია. იგი კაცობრიობის საუნჯეა, ყველა ჩვენგანს რომ ეკუთვნის, განურჩევლად რასისა, რწმენისა თუ ეროვნებისა. ის ჩვენია, მთელი კაცობრიობისაა.
მეორე საუნჯე, რომელიც იმ საღამოს ვიხილეთ, გახლდათ ქართული მრავალხმიანობა, „კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“, აღიარებული გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ. ქართული მრავალხმიანობა ქართველი ერის უძველეს, წერილობით თუ სიტყვიერ ისტორიაშია ფესვგადგმული. ეს არის ცალკეულ ხმათა მთელი პალიტრა, მსმენელს რომ იპყრობს და ამაღლებს – მოალერსეცაა და მკაცრიც, ნაზიც და მძლავრიც, ხალისიანიც და ჩაფიქრებულიც… იგი მარადიული „ქართული მეობაა“.
რწმენის სადარაჯოზე მდგარი ეკლესია მუდამ კრძალვით ინახავდა ყოველივე საუკეთესოს, რაც ხელოვნებაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, ლიტერატურასა და სხვა მრავალ დარგში შექმნილა. მისი მიზანია მთელი ეს „საუკეთესო“ მომავალ თაობებს გადასცეს და მოუწოდოს მათ, რომ მათაც, პიროვნულად თუ კოლექტიურად, ყოველივე თავიანთი „საუკეთესო“ გაიღონ უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად.
და ბოლოს, იმ საღამოს „მესამე საუნჯეც“ ვიხილეთ. ეს მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი საუნჯე იყო „ადამიანური ღირსება“, მათი ღირსება, ვინც იქ იყო ან ამ ყოველივეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ადევნებდა თვალს. სწორედ ადამიანური ღირსება გახლდათ ამ ზეიმის შუაგულში; ადამიანური ღირსება, რომელზე ზრუნვაც ესოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში. მიკელანჯელოს შემოქმედებისა და დიადი ქართული პოლიფონიის შემხედვარე და გამგონე, ვხვდებით, რომ ამ კეთილშობილურ გამოწვევას სწორედაც ჩვენი რწმენითა და ჰუმანურობით თუ ვუპასუხებთ. იმ საღამოს, ზემოდან ეს „საუნჯეები“ დაგვცქეროდნენ. ღმერთის განზრახვას თუ ფეხს ავუწყობთ, მომავალ თაობებსაც უკეთეს მომავალს შევუქმნით. „ადამიანური ღირსება“ ის საუნჯეა, რომელიც კიდევ დასაგროვებელია ჩვენს მსოფლიოში….