- 16 ოქტომბერი 2020
- admin
- 0 Comments
- Senza categoria
ხელოვნების მფარველი
კათოლიკური ეკლესია ხელოვნების მეტად მნიშვნელოვანი და საქვეყნოდ აღიარებული მფარველია. საკმარისია გავიხსენოთ მიქელანჯელოს, რაფაელისა და ბრამანტეს ქმნილებები, ვატიკანის მუზეუმებში დაცული ნამუშევრები, ან კათოლიკურ სამყაროში არსებული შედევრები. ზოგიერთის თქმით, „ხელოვნება სულს აღამაღლებს“, მოგვიწოდებს „ვითარების სიმაღლეზე დადგომას“ თუ „საკითხში ჩაღრმავებას“.
წმიდა საყდრის დესპანი, მისი აღმატებულება ჟოზე ა. ბეტანკური ხელოვნების დიდი დამფასებელია. ამიტომაც ესტუმრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, რომლის მთავარი კორპუსიც რესტავრირების ბოლო სტადიაზეა. დესპანი ესაუბრა აკადემიის რექტორს, მაესტრო გიორგი გუგუშვილს, მსოფლიოში სახელგანთქმულ ხელოვანს, რომლის ნამუშევრებიც გამოფენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (თბილისი), აჭარის ხელოვნების მუზეუმში (ბათუმი), აღმოსავლურ მუზეუმში (მოსკოვი), ხრისტოფერ მერიან შტიფტუნგში (ბაზელი), ნორტონ დოჯ ქოლექშენში (ფილადელფია) და სხვა დაწესებულებებში.
რექტორმა გუგუშვილმა წმიდა საყდრის დესპანს ახლად რესტავრირებულ შენობაში უმასპინძლა და სტუმარს ის სივრცეებიც დაათვალიერებინა, რომელიც ჯერ კიდევ გარემონტების სტადიაშია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სათავეს იღებს 1850-იანი წლებიდან. ამ ხნის მანძილზე მან არაერთი ორგანიზაციული ცვლილება განიცადა. იგი ისტორიულ შენობაშია განთავსებული. შენობის უამრავ ოთახს შორის განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა ქაჯარული ხელოვნების სტილში გადაწყვეტილი „სარკეებიანი დარბაზი“, რომელიც მდიდრულად შემკულ აღმოსავლულ სასახლეებს მოგვაგონებს.
ეს პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი ქართველ ხელოვანთა ჭეშმარიტი სამჭედლოა. აქ წლების მანძილზე ფუნქციონირებს სახვითი ხელოვნების (ფერწერა, გრაფიკა, სკულპტურა, ხატვა), არქიტექტურის, დიზაინის (კერამიკა, ტექსტილი, მოდა, ხისა და მეტალის მხატვრული დამუშავება, მრეწველობა) ფაკულტეტები და სხვა მიმართულებები. ამ კედლებში აღიზარდა მთელი ქვეყნისა თუ მსოფლიოს მასშტაბით სახელგანთქმული არაერთი ხელოვანი.
წმიდა საყდრის დესპანი ქართულ ხელოვნების გულშემატკივარია და გვერდში უდგას ქართველ ხელოვანებს. ზემოაღნიშნული შეხვედრისას განხილულ იქნა ხელოვნების განვითარებისა და თანამედროვე ცხოვრების ასახვის ტენდენციები. ხელოვნება ხომ მუდამ იყო პოლიტიკური თუ სოციალური დაკვირვებებისა და მისწრაფებების გამოხატვის საშუალება. შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნება ცხოვრების „პულსი“ და, გარკვეული გაგებით, ისტორიული მეხსიერებაცაა. მაესტრო გუგუშვილი დიდად ამაყობს თავისი სტუდენტებით, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს წარმოადგენენ. თანამედროვე ნიჭიერი ქართველი ხელოვანები ასევე ამაყნი არიან ქართული მხატვრული მემკვიდრეობით და ცდილობენ იმ ქვეყნის ნაწილნი იყონ, რომელიც მომავალშიც მნიშვნელოვან კვალს დატოვებს მსოფლიო ხელოვნების სცენაზე.