- 2 მაისი 2020
- admin
- 0 Comments
- Senza categoria
აღდგომის მესამე კვირა
საქართველოსა და სომხეთში წმიდა საყდრის დესპანის,
მისი აღმატებულება ჟოზე ა. ბეტანკურის ქადაგება
აღდგომის მესამე კვირადღე
(საქმენი 2:14.22-28, ფს 16, 1 პეტ 1:17-21, ლკ 24:13-35)
ცოცხალი ინტერნეტ-გადაცემა წმიდა საყდრის სადესპანოდან
თბილისი, 25.IV.2020
ძვირფასო ძმანო და დანო,
კოვიდ -19-ით (კორონავირუსით) გამოწვეული პანდემიის პირობებში, ასეთი უჩვეულო გზით ვზეიმობთ სააღდგომო პერიოდს. გვიპყრობს შეშფოთება, გაურკვევლობა, შიში, დაბნეულობა, სევდა, გულისტკივილი… ეს ადამიანური გრძნობები ადრეც არაეთხელ განგვიცდია ახალ და მოულოდნელ გარემოებებთან შეჯახებისას. ალბათ იგივე განიცდიდნენ მოციქულებიც ქრისტეს ვნების, სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ.
დღევანდელი წმინდა ლიტურგიის საკითხავი კარგად წარმოგვიჩენს მოციქულთა ცხოვრებას იმ საშიშ დროში, როცა მათი სიცოცხლეც კი საფრთხის წინაშე იდგა. სწორედ რწმენის სიმტკიცემ შეაძლებინა მათ კვლავაც ერთგულად გაჰყოლოდნენ ქრისტეს და გაევრცელებინათ უფლისეული სიტყვა განახლებული იმედისა, რწმენისა და საუკუნო ცხოვრებისა.
პირველ საკითხავში მოვისმინეთ თუ რაოდენი შთაგონებით მიმართა პეტრე მოციქულმა იერუსალიმში შეკრებილ ხალხს სულთმოფენობის დროს. ფსალმუნში კი ვიმღერეთ – “მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხორებისანი”. მეორე საკითხავი გახლდათ წმ. პეტრეს პირველი წერილი, რომელიც აგვიწერს თუ როგორ გვიხსნა უძვირფასესმა საუნჯემ – იესოს სისხლმა.
დღღევანდელი სახარება, რომელიც, ჩვეულებრივ, „ემაუსის გზადაა“ ცნობილი, გვამცნობს ჩვენს დღევანდელ ყოფასა და საფიქრალს. ეს ხომ თითქმის იგივე საფიქრალია, მოციქულებს რომ დაეუფლათ იესოს ჯვარცის შემდეგ.
ჩვენც იგივე მდგომარეობაში ვართ, რაშიც ის ორი მოციქული, რომელთაც დატოვეს იერუსალიმი. ისინი ფიზიკურად და, გარკვეული გაგებით, ალბათ, სულიერადაც განერიდნენ დანარჩენ მოციქულებს. მათ ვერ აიტანეს იესოს ვნებანი და სიკვდილი – ეს მათ მარცხად ჩაუთვალეს მესიასა და მის მიმდევრებს, რომლებზეც მთელ თავიანთ იმედებს ამყარებდნენ. ძირთადად სწორედ ამან დათრგუნა ისინი – მათ თვალში იესო დამარცხებული და დაკნინებული იყო.
მათი საყვარელი სულიერი იერუსალიმი უკვე თითქოსდა ვეღარაფერ ფასეულსა და მნიშვნელოვანს ვეღარ სთავაზობდა ამ ორ მოციქულს. ამიტომაც გაუჩნდათ სურვილი მიეტოვებინათ იერუსალიმიც, მოციქულებიც და იესოც.
ამიტომაც დატოვეს ქალაქი და გზას გაუდგნენ მარტონი, გაწბილებულნი, დაბნეულნი, გულნატკენნი. მათი აზრით, ქრისტეს მიმდევრები და ეკლესია ძალაგამოცლილნი იყვნენ, ვეღარ პასუხობდნენ მათ საჭიროებებს და საფიქრალს, ძალზე გულგრილად, კარჩაკეტილად და არაადეკვატურად გამოიყურებოდნენ. თუ პირველ ხანებში მათ გულწრფელად სწამდათ იესოსი, შემდგომში, როცა წამოიზარდნენ და სხვა საფიქრალი გაუჩნდათ, გაუცხოვდნენ მისგან. ამიტომაც დაშოდრნენ მას. ხშირად, ჩვენი რწმენაც ამგვარ ცვლილებას განიცდის – მრავალი მიზეზი გამო, ცდუნება გვეუფლება უარი ვთქვათ რწმენაზე.
დიახ, მოციქულები დაეჭვდნენ იესოს მესიობაში. ამიტომაც განერიდნენ იქაურობას – ჩათვალეს, რომ შეცდომა მოუვიდათ. მსოფლიო პანდემიის პირობებში, ბევრი ჩვენგანიც, ამ ორი ემაუსელი მოციქულის მსგავსად, პასუხებს ამა ქვეყნიდან მოველით, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი სულიერი სახლი არაადეკვატურად მიგვაჩნია.
იერუსალიმიდან წასულ და ემაუსის გზაზე მიმავალ მოციქულებს „უცნობი იესო ჰკიცხავს – „უგუნურთ და რწმენანაკლულებს“ უწოდებს მათ, შეახსნებს მათ მოსესა და წინასწარმეტყველებს, განუმარტავს წმინდა წერილის სიტყვებს იმის შესახებ, თუ „რატომ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში“; უეჭველად ისააკზეც ელაპარაკა – როგორ მიჰქონდა მას ზურგით შეშა თავისი შვილის შესაწირად; მოსესაც გაიხსენებდა – როგორ მიუძღვებოდა ისრაელელებს პასექისას აღთქმულ მიწაზე, წითელი ზღვისა და უდაბნოს გავლით; უთუოდ ესაიას წინასწარმეტყველებანიც შეახსენა ტანჯული მსახურის შესახებ, სიბრძნის წიგნიც – თუ როგორ ჩაგრავენ ბოროტნი კეთილს, ფსალმუნიც – ჯვარცმაზე რომ დაწვრილებით მოგვითხრობს, და ბევრი სხვა რამეც.
იესოს სიტყვებმა ჭეშმარიტების შუქი მოჰფინა მოციქულთა სულში ჩამოწოლილ წყვდიადს. გულანთებულმა მოციქულებმა გააცნობიერეს ის, რაც იესოს შეემთხვა და ისიც, რაც თვითონ იგრძნეს.
სწორედ ღმერთის სიტყვის ხელახლად მოსმენამ შეაგრძნობინა მოციქულებს მათდამი ღმერთის აღთქმა და სიყვარული.
ჩვენი ცხოვრებისეული გზის ამ მონაკვეთზე, ჩვენც, გაურკვევლობითა და საფიქრალით შეპყრობილთ, სწორედ ახლა გვჭირდება ღმერთის სიტყვის ხელახლად მოსმენა. ვუსმინოთ ქრისტეს სახარებისეულ სიტყვებს, ჩავუფიქრდეთ მათ ცოცხალი ინტერნეტ-გადაცემების დროს, ან ეკლესიის მსახურთა მიერ შესრულებული ჩანაწერების ხილვისას თუ სმენისას.
ჩვენ უნდა ვიცნოთ იესო, ჩვენს თვალთ რომ „უცნობად“ ეჩვენა და სინამდვილეში კი ჩვენს შორისაა, კერძოდ მაშინ, როცა თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების ირგვლივ ვიკრიბებით, რათა ჩავატაროთ ევქარისტიის სიტყვა წმინდა ლიტურგიის დროს. ეს ხომ ჩვენი პურია, ჩვენი საარსებო წყარო. სწორედ ამ სულიერი საარსებო პურის გატეხვისას იცნობა ქრისტე.
იესოსთან შეხვედრის, მისი მოსმენისა და მასთან პურის გატეხვის შემდეგ მოციქულები აფორიაქდნენ, ვეღარ დარჩნენ ემაუსში. უკვე ღამე იყო და ემაუსიდან იერუსალიმამდეც კარგა გრძელი და ბნელი გზა ედოთ; თანაც, ძალზე დაღლილებიც იყვნენ მძიმე დღის შემდეგ. და მაინც, იმავე ღამესვე გამობრუნდნენ იერუსალიმში. ღამის წყვიდადში ირბინეს შვიდი მილი, რათა მოციქულებისთვის ეცნობებინათ, რომ მკვდრეთით აღმდგარ უფალ იესოს შეხვდნენ. ვერ მოითმინეს დილამდე ამ კეთილი ცნობის გაზიარება. აი, ასეთი სასურველი, იმედიანი და სასიხარულო იყო ცნობა ქრისტეს აღდგომისა!
ძვირფასო ძმანო და დანო, ამ ძნელბედობის ჟამს, გვმართებს დავემორჩილოთ ხელისუფლების და მედიკოსების მოწოდებას „დარჩი სახლში“, დავიცვათ „სოციალური დისტანცია“, რითაც ჩვენს წვლილს შევიტანთ პანდემიის დაძლევის საქმეში. შესაძლოა ზოგჯერ თავი დათრგუნულად ვიგრძნოთ, მაგრამ ნუ მივეცემით სასოწარკვეთას, როგორც ეს დღევანდელი საკითხავის მოციქულებს დაემართათ.
ნუ მივატოვებთ ჩვენს სულიერ იერუსალიმს. პირიქით, კიდევ უფრო შევმჭიდროვდეთ ღმერთის სიტყვის ირგვლივ და სულიერად ვეზიაროთ იესოს სხეულს. მხარში დავუდგეთ ერთმანეთს თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით. მადლობა გადავუხადოთ მათ, ვინც თავს არ ზოგავს, რათა გადაგვარჩინოს და ამ კრიზისიდან გამოგვიყვანოს. ერთად დავდგეთ, როგორც ერთი მორწმუნე ოჯახი, რათა დავძლიოთ დღევანდელი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური გამოწვევები. სამედიცინო ხელისუფალთა მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, კიდევ უფრო განვტკიცდეთ სულიერად მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენაში. დაე, მეტი ყურადღებით მივაპყროთ მზერა მას, ვინც „ჩვენს ადამიანურს თვალებს“ „უცნობ იესოდ“ მოეჩვენა და მივენდოთ ფსალმუნისეულ სიტყვებს: “მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხორებისანი”.
ამინ.