ქუთაისი აღნიშნავს სიმონ ყაუხჩიშვილის იუბილეს
გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსისა და ფილოლოგის, სიმონ ყაუხჩიშვილის დაბადების 125 წლისთავის აღსანიშნავად, ქუთაისის კათოლიკურმა საკრებულომ მოაწყო დიდი კათოლიკე მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მოსაგონარი ღონისძიება. მისმა ნამოღვაწარმა მტკიცე საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე მეცნიერულ კვლევებს.
სიმონ ყაუხჩიშვილი დაიბადა 1895 წლის 1 ოქტომბერს, ქუთაისში, თბილისის ქ. N.13-ში. მოგვიანებით, იგი საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, სადაც განაგრძო წარმატებული მეცნიერული მოღვაწეობა, რომელმაც მას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრის წოდება მოუტანა. განსაკუთრებული აღიარება ხვდა წილად „ქართლის ცხოვრებისა“ და ვახუშტი ბაგრატიონის ისტორიულ-გეოგრაფიული ტრაქტატის კრიტიკულ გამოცემებს.
გარდა ამისა, სიმონ ყაუხჩიშვილი გახლდათ ქართული ბიზანტიოლოგიური სკოლის დამაარსებელი. მან საქართველოსა და მთელ კაცობრიობას დაუტოვა უდიდესი ლიტერატურულ-მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელსაც ემყარება ამ დარგში თანამედროვე მეცნიერული კვლევები.
სიმონ ყაუხჩიშვილის დაბადების 125 წლისთავი აღინიშნა 1 ოქტომბერს, ქუთაისში, მის სახლში. ყვავილებით შეიმკო მისი, როგორც ქუთაისის გამორჩეული მოქალაქის მემორიალური დაფა (აღსანიშნავია, რომ დაფაზე მისი დაბადების თარიღად მითითებულია 14 ოქტომბერი, თანახმად იულიანური კალენდრისა).
ქუთაისში, წმინდა სტიგმატელ მამათა ორდენის მონასტერში ნაჩვენები იქნა დიდი კათოლიკე ქართველი მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი.
ღონისძიებას ესწრებოდა წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში, მონს. ჟოზე ა. ბეტანკური; სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო; ქუთაისის მერიის წარმომადგენლები; ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები; მამა გაბრიელ ბრაგანტინი და წმინდა სტიგმატელ მამათა ორდენის წევრები; აკადემიკოს ყაუხჩიშვილის ყოფილი მოსწავლეები და ქართული ისტორიული კვლევებით დაინტერესებულ პირთა ფართო წრე.