- 24 მაისი 2022
- admin
- 0 Comments
- Senza categoria
წმიდა საყდრის რეზდენტული დიპლომატიური მისია თბილისში
წმიდა საყდრის რეზიდენტული დიპლომატიური მისია თბილისში
მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ ყველაზე ადრე დიპლომატიური ურთიერთობა პაპის ხელისუფლებასთან დაამყარა, როგორც მსოფლიოს ყველაზე ისტორიულ დიპლომატიურ ერთეულთან. რომის ეკლესიასა და საქართველოს შორის კავშირები თვით ქრისტიანობის პირველივე წლებიდან იღებს სათავეს, როცა, 2000 წლის წინ, ქრისტეს რწმენა იერუსალიმიდან „ცნობილ მსოფლიოში“ გავრცელდა, რომელთანაც სავაჭრო თუ კულტურული ურთიერთობები არაერთ კითხვას წარმოშობდა ცხოვრებისა და არსებობის აზრის შესახებ.
საქართველოს ისტორიის მანძილზე უამრავი ქართველი კათოლიკე პირნათლად ემსახურა სამშობლოს – ისინი ხომ ეროვნული „ქსოვილის“ განუყოფელი ნაწილები არიან. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის ცხოვრების სოციალურ, კულტურულ, აკადემიურ და ჰუმანიტარულ სფეროებში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. საკმარისია გავიხსენოთ: სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725), ზუბალაშვილების ოჯახი (ივანე, 1792 – 1864, კონსტანტინე, 1882 – 1901), ზაქარია ფალიაშვილი (1871-1933), პეტრე უმიკაშვილი (1838 – 1904), ალოიზ მიზანდარი (1838 – 1912), ფელიქს მიზანდარი (1843 -1896), პეტრე მელიქიშვილი (1850 – 1927), მიხეილ თამარაშვილი (1858 – 1911), ვალერიან მიზანდარი (1894 – 1926), სიმონ ყაუხჩიშვილი (1895 – 1981), ფელიქს ვარლამიშვილი (1903 – 1986), პეტრე ოცხელი (1907 -1937).
საუკუნეების მანძილზე, ხანგრძლივი და მდიდარი ურთიერთობები საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის სულ უფროდაუფრო მტკიცდებოდა. ამჟამინდელი ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები 1991 წლიდან იწყება, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. წმიდა საყდარმა დანიშნა პირველი დესპანი საქართველოში – მისი აღმატებულება მონს. ჟან-პოლ ემე გობელი (1993 – 1997), რომელსაც მოჰყვნენ მათი აღმატებულებანი: მონს. პეტერ სტეფან ცურბრიგენი (1998-2001), მონს. კლაუდიო გუჯეროტი (2001-2011), მონს. მარეკ სოლჩინსკი (2011-2017) და მონს. ჟოზე ა. ბეტანკური (2018 – დღემდე). საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, წმიდა საყდარი მუდმივად ინარჩუნებს ამ ურთიერთობებს დიპლომატიური აგენტების მეშვეობით, სხვა კათოლიკური ინსტიტუტების ინიციატივებსა და არხებთან ერთად.
წლების მანძილზე, წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მტკიცდებოდა სამი – ლათინური, სომხური და ასირიულ-ქალდეური წესის ქართველი თუ უცხოელი კათოლიკე მღვდლების, ბერ-მონაზვნების და მრევლის ძალისხმევით, რომლებიც ქმედით დახმარებას უწევდნენ ქვეყანაში წმიდა საყდრის დიპლომატიურ წარმომადგენლებსაც. წმინდა საყდრის დესპანები ყოველთვის სარგებლობდნენ კავკასიის ლათინური წესის სამოციქულო ადმინისტრაციის ეპისკოპოსის, მეუფე ჯუზეპე პაზოტოს დიდსულოვანი მხარდაჭერით.
წმინდა დიპლომატიურ დონეზე, წმიდა საყდარმა ერთ-ერთმა პირველმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და 1992 წლის 24 მაისს თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა თბილისში. წმიდა საყდარი მუდამ მხარს უჭერდა საქართველოს. 2018 წელს. საქართველოში ვიზიტის დროს არქიეპისკოპოსმა მონს. პოლ რიჩარდ გალაგერმა განაცხადა: „ჩემი მხრივ, ვიტყოდი, რომ კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტების ფონზე, წმიდა საყდარი გულისტკივილით განიცდის ამ კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ადამიანების ტანჯვას და იმ სავალალო შედეგებს, რომელიც ყოველ ასეთ დაპირისპირებას მოაქვს ერების მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, ერებისა, რომელთაც უფლება აქვთ იცხოვრონ ჰარმონიასა და მშვიდობაში. რაც შეეხება საქართველოს, წმიდა საყდარი ყოველთვის იმ პოზიციაზე იდგა, რომ ქვეყნის ტერიტორიასა და საზღვრებთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით უნდა გადაწყდეს“. (ლექცია თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, თბილისი, 23 ოქტომბერი, 2018 წ.).
მისი აღმატებულება კარდინალი პიეტრო პაროლინი, სახელმწიფო მდივანი, თავისი ისტორიული ვიზიტის დროს, 2019 წლის 28 სექტემბერს, ჩამოსვლის დილასვე გაემართა სოფელ გუგუთიანთ კარში, ცხინვალის რეგიონთან „ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე“, სამოციქულო ადმინისტრატორ მეუფე ჯუზეპე პაზოტოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გორის და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად. ეს გახლდათ ნათელი ნიშანი საქართველოსადმი წმიდა საყდრის მხარდაჭერისა. იმავე დღეს გათავისუფლდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე კვირით ადრე დაპატიმრებული ქართველი ექიმი.
უკანასკნელ ათწლეულებში, განსაკუთრებით კი წმ. იოანე პავლე II-ის (1999) და პაპი ფრანცისკეს (2016) სამოციქულო ვიზიტების შედეგად, დიპლომატიურმა ურთიერთობებმა ძლიერი განვითარება ჰპოვა. წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში ზეიმობს საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს და ძალისხმევას არ იშურებს, რათა კვლავაც განამტკიცოს ეს ურთიერთობები ქართველი ერის სასიკეთოდ.