- 10 ივლისი 2020
- admin
- 0 Comments
- Senza categoria
პეტრე მელიქიშვილის ხსოვნის პატივსაცემად
პატივი მიეგო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის, პეტრე მელიქიშვილის ხსოვნას, მისი დაბადების 170-ე წლისთავთან დაკავშირებით (11 ივლისი, 1850-2020). საზეიმო ცერემონია ჩატარდა მისსავე საფლავთან, თბილისის უნივერსიტეტის ბაღში. მასში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ჯგუფმა. ცერემონიას ესწრებოდა წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში, მონს. ჟოზე ა. ბეტანკური, კავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და საქართველოს კათოლიკური ეკლესიის კულტურის კომისიის წევრები. პეტრე მელიქიშვილი იყო გამოჩენილი ქიმიკოსი და არაერთი სამეცნიერო შრომის ავტორი. იგი დასაფლავებულია უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში, შენობისა, რომელიც ასევე კათოლიკე ძმების, ზუბალაშვილების დაფინანსებით აიგო. კათოლიკეები იყვნენ აგრეთვე სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე და მსოფლიოში სახელგანთქმული ადამიანები – ზაქარია ფალიაშვილი, პეტრე ოცხელი, სიმონ ყაუხჩიშვილი, პეტრე უმიკაშვილი, მიხეილ თამარაშვილი, სულხან-საბა ორბელიანი და მრავალი სხვა ჭეშმარიტი ქართველი მამულიშვილი. საქართველოს კათოლიკური კულტურული კომისია და კათოლიკური ეკლესია სიამაყით შეუერთდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას და პატივი მიაგო პეტრე მელიქიშვილის ხსოვნას, მეცნიერისა, რომელმაც დიდი ამაგი დასდო თავის სამშობლოს და მთელ კაცობრიობას.
წმიდა საყდრის დესპანმა შემდეგი სიტყვებით პატივი მიაგო პეტრე მელიქიშვილის ხსოვნას.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორო,
ბ-ნო გიორგი შარვაშიძე,
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებო,
მეუფე ჯუზეპე პაზოტო,
ძვირფასო სტუმრებო,
მოხარული ვარ პატივი მივაგო დიდი და გამორჩეული ქართველის, პეტრე მელიქიშვილის ხსოვნას. დღეს ჩვენ ვზეიმობთ მისი დაბადების 170-ე წლისთავს.
იგი გახლდათ ამ სახელოვანი უმაღლესი სასწავლებლის პირველი რექტორი, მსოფლიო დონის მეცნიერი და უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პეტრე მელიქიშვილის ხსოვნისთვის პატივის მიგებით ჩვენ პატივს მივაგებთ ამ უნივერსიტეტსა და ყველა თქვენგანს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, ყველას, ვინც თავდადებით იღწვის უნივერსიტეტის, ერისა და კაცობრიობის სამსახურში.
რწმენაც და მეცნიერული აზროვნებაც ღმერთისგან იღებს სათავეს. ისინი ერთმანეთს ავსებენ. იქ, სადაც მეცნიერების ემპირიული აზროვნების სფერო მთავრდება, ღმერთი შემეცნების ახალ განზომილებას გვთავაზობს. ამიტომაც, ჩვენ ვამაყობთ ამ დიდი ქართველი მამულიშვილისა და ღვთისმოსავი კათოლიკეს მიერ დამკვიდრებული აკადემიური სტანდარტითა და იმ ამაგით, რომელიც მან დასდო თქვენს უნივერსიტეტს.
აქ, უნივერსიტეტის ეზოში ყოფნისას, ასევე გვახსენდება ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ამ ინსტიტუტს აღმოუჩინა ზუბალაშვილების კათოლიკურმა ოჯახმა. ამიტომაც, მრავალი გაგებით, კათოლიკე ადამიანისთვის დღეს აქ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფნა საკუთარ კედლებში ყოფნას ნიშნავს.
კათოლიკეები ქართველები არიან, საქართველოს პატრიოტები არიან, იმ ხიდების მშენებლები არიან, რომლებიც საქართველოს მსოფლიოს ფართო საზოგადოებასთან აკავშირებენ. ჩვენ ჩვენი წინამორბედების მიერ ჩაყრილ საფუძველზე ვდგავართ. ვსარგებლობთ შემთხვევით და გილოცავთ ამ თარიღს. ყველა თქვენგანს ვუსურვებ წარმატებებს აკადემიურ საქმიანობაში.
გმადლობთ.
პეტრე მელიქიშვილი
1850-1927
(მოწოდებულია ირაკლი ჯავახიშვილის მიერ)
პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი დაიბადა 1850 წლის 29 ივნისს, ქ. თბილისში, ქართველი კათოლიკეების ოჯახში. მისი მშობლები ახალციხიდან იყვნენ დედაქალაქში გადმოსული. პეტრე განათლებულ ოჯახში აღიზარდა – მამამისმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული სტამბის დაარსების საქმეში. ქართველი ქიმიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორი (1918) და ამავდროულად 1918 წლიდან 1927 წლამდე ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი (1927).
1900 წელს მელიქიშვილმა ლევ პიზარჟევსკისთან ერთად მიიღო პეტერბურგის აკადემიის უმაღლესი ჯილდო. ლომონოსოვის პრემია მონოგრაფიისთვის, ზემჟავებისა და ზეჟანგების შესახებ, რომელიც 1899 წელს გამოსცა. ამ შრომას მაღლი შეფასება მისცა დიმიტრი მენდელეევმა, ხედავდა რა მასში საკუთარი სისტემის მტკიცე დასტურს. 1927 წელს პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტად.
1918 წლიდან, პეტრე მელიქიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის (ხელფასის გარეშე), ფაკულტეტის დეკანისა და ორგანული ქიმიის კათედრის გამგის ფუნქციებს ასრულებდა. მან დააფუძნა ქიმიის რამდენიმე ლაბორატორია, ორი კათედრა და შექმნა ქართული ქიმიური ტერმინოლოგია.
პეტრე მელიქიშვილის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის – წიაღისეულისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესწავლას. დიდი ამაგი დასდო ქართული ქიმიური ტერმინოლოგიის შექმნას. ის იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი სახელობის პრემიები დაწესდა.
პეტრე მელიქიშვილმა ვასილ პეტრიაშვილთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ქიმიურ სკოლას. მან შეისწავლა ორგანულ მჟავათა ზოგიერთი წარმომადგენლისა და მათი წარმოებულების სინთეზის საკითხები, ფიზიკურ–ქიმიური თვისებები. ამ საკითხებზე დაწერილმა მისმა შრომებმა დიდად შეუწყო ხელი ნივთიერებათა აღნაგობის თეორიის განვითარებას, მელიქიშვილმა პირველმა მიიღო ორგანულ ნაერთა კლასი, რომლებსაც გლიციდ მჟავები უწოდა.
პეტრე მელიქიშვილი დიდ გულისხმიერებას იჩენდა არა მარტო ახალგაზრდების, არამედ მთალიანად საზოგადოების მიმართ. მისი მოწაფე დ. ჯორჯიკია იხსენებს, რომ “ერთხელ, ზამთარში, გვიან საღამოს შემოვიდა პეტრე მელიქიშვილი პალტოს გარეშე. შეშფოთდა დარაჯი და ჰკითხა – ბატონო პეტრე პალტო რა უყავით? მან უთხრა: შემხვდა გზაზე ვინმე უპოვარი, რომელსაც არც ფეხზე ეცვა, არც ტანზე, სულ კანკალებდა და როგორ შემეძლო მე მისთვის რაიმე მაინც არ მეწილადაო”.